სად ცხოვრობს მოხუცი მეზღაპრე? - კულტურის სამინისტრომ გურამ პეტრიაშვილს იუბილე მიულოცა

ყველაზე კარგი მეზღაპრე არსებობს და ის საქართველოში ცხოვრობს, მიაჩნიათ სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოჩენილ მწერალსა და კინორეჟისორს გურამ პეტრიაშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა.
უწყებამ გურამ პეტრიაშვილის მოღვაწეობის სფეროები ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში ის მეზღაპრეა.

„შეიძლება მოიძებნოს უკეთესი მწერალი, კინორეჟისორი ან მსახიობი, მაგრამ ძალიან ძნელად მოიძებნება უკეთესი მეზღაპრე. „სად ცხოვრობს მოხუცი მეზღაპრე?“ საყოველთაოდ ცნობილ ამ შეკითხვას, შესაძლოა, დღეს ერთადერთი პასუხიც კი ჰქონდეს: რა თქმა უნდა, საქართველოში“, – ნათქვამია სამინისტროს მილოცვაში.

კულტურის სამინისტრომ მწერალს დღეგრძელობა, მხნეობა, სათაყვანებელი სამშობლოს თავისუფლება და ძლიერება უსურვა.
საბავშვო მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი გურამ პეტრიაშვილი ცნობილი ქართველი მეზღაპრეა. დაიბადა 1942 წელს სოფელ ლენტეხში.
ქართველი საბავშვო მწერალი გურამ პეტრიაშვილი
1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1978 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო). პეტრიაშვილი არის სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი.
ზღაპრების წერა 1980 წელს დაიწყო. ავტორის ნამუშევრებს შორისაა „პატარა ქალაქის ზღაპრები“, „წვიმის მოყვარული კაცის ამბავი“, „ელისა და რარუს თავგადასავალი“, „100 ლექსი“ და სხვა წიგნები.