თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება, განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის 6.763.509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ ცნეს და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს. იგი სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანავე დააკავეს.
„ჩვენ სამართლებრივად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა არა იმიტომ, რომ ველოდებით – სააპელაციო სასამართლო მიუკერძოებელ ან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს... ამის მიუხედავად ჩვენ მაინც მოგვიწევს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან.
საძაგლიშვილმა ხელისუფლებაც გააკრიტიკა და გვარამიას დაკავებას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა.
„ფაქტი სახეზეა: ხელისუფლებისთვის ყველა მიუღებელი პირი დევნის საფრთხის წინაშეა. რეპრესიული მანქანა მასმედიის წარმომადგენლების მიმართაც ამოქმედდა. ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში და მისი გათავისუფლებაც, ბუნებრივია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა ადვოკატმა.
როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყველაზე წარმატებული დირექტორის პოსტზე სწორედ გვარამიას ყოფნის დროს იყო.
„როგორც რეკლამებიდან შემოსავლებით, ისე სატელევიზიო რეიტინგებით. თუ თქვენ დღეს ნახავთ ტელეკომპანიის რეკლამიდან შემოსავალს და მის რეიტინგს, მიხვდებით, თუ რატომ ხდება გვარამიას დევნა“, – დასძინა საძაგლიშვილმა.
სისხლის სამართლის საქმე ეხება მოვლენებს, რომლებიც მას შემდეგ განვითარდა, რაც 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნების მიზნით სამართლებრივი დავა დაიწყო. საქმე ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა – ტელეკომპანიის მფლობელი 2019 წლის ივლისში შეიცვალა.
გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის პოსტი 2019 წლის ივლისამდე ეკავა.
საქმის დეტალები
პროკურატურის მასალების თანახმად, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო.
სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა.
იმ წელს „რუსთავი2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა.
2015 წლის იანვარი–აგვისტოს პერიოდში გვარამია „ინტერ მედია პლუსისგან“ გაყიდული სარეკლამო დროიდან მიღებული შემოსავლის 90-95%-ს მოითხოვდა, მას შემდეგ კი, რაც 5 აგვისტოს ხალვაშმა ტელეკომპანიაზე საკუთარი უფლებების შესახებ განაცხადა, „ინტერ მედია პლუსისგან“ დაიწყეს მხოლოდ „რუსთავი 2“-ის არსებობისთვის საჭირო თანხების მოთხოვნა.
შედეგად – 2015 წელს ანალოგიური მომსახურებიდან „რუსთავი 2“-ის შემოსავალი 6.763.509 ლარით ნაკლები იყო, ვიდრე წინა წელს. აღნიშნულ ეპიზოდში სასამართლომ გვარამიას ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
გვარამიას პატიმრობა შეეფარდა საქმის მეორე ეპიზოდზე. საუბარია ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე. პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ. ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს ცენტრის“ ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.