კვარაცხელიას ტრანსფერი „ნაპოლის“ ათი მილიონი ევრო დაუჯდება

მარტის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ რიგები დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ დაასახელა თანხა, რომელსაც იტალიური „ნაპოლი“ ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში გადაიხდის - საუბარია 10 მილიონ ევროზე, იუწყება „პირველი არხი“.
კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი გახდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„ჩემი ინფორმაციით, 8 მილიონ ევროს იტალიელები დაუყოვნებლივ გადაიხდიან, ხოლო 2 მილიონი ბონუსებით ანაზღაურდება, სულ კი, შესაბამისად, ტრანსფერი „ნაპოლის“ 10 მილიონ ევრო დაუჯდება“, – განაცხადა ღურწკაიამ.
თავის მხრივ, „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ანდრეი ლოსიუკმა დაადასტურა, რომ ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დასასრულებლად იმყოფებოდა.
„დიახ, „ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას მოლაპარაკებაში ვმონაწილეობდი, მაგრამ გადასვლის დეტალების გამჟღავნება და ჩემი მონაწილეობის მასშტაბზე საუბარი არ მსურს“, – განაცხადა ლოსიუკმა.
მარტის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ რიგები დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა. აპრილში კი დადასტურდა ინფორმაცია მისი „ნაპოლიში“ გადასვლის შესახებ.
კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიას ოფიციალურად დაუდასტურა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი „ნაპოლიში“. 21 წლის ქართველი ნეაპოლელებს ზაფხულში შეუერთდება და კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.