საქართველო ელოდება ტურისტული ნაკადის ზრდას ყაზახეთიდან - Air Astana რეისებს ამატებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთიდან პოპულარულ მოგზაურ ბლოგერებს მასპინძლობს.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ყაზახ მოგზაურებს შორის საქართველოს მიმართულებაზე მზარდი მოთხოვნის გამო, Air Astana რეისების რაოდენობის გაზრდას გეგმავს, განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ტლეკ აბდრახიმოვმა საქართველოს ქალაქებში საინფორმაციო ტურის დროს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთიდან პოპულარულ მოგზაურ ბლოგერებსა და ავიაკომპანია Air-Astana-ს წარმომადგენლებს მასპინძლობს. ინფოტურის მიზანია ყაზახეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
„ჩვენი კომპანია საქართველოს მიმართულებით გეგმავს რეისების რაოდენობის გაზრდას. ჩვენ ვიწყებთ ბათუმის მიმართულებით რეისების შესრულებას. ნურ-სულთანიდან ბათუმის მიმართულებით შესრულება პირდაპირი ავიარეისები. მგზავრთნაკადი საკმაოდ დიდია, საქართველოს მიმართულება ძალიან პოპულარულია ყაზახეთში“, - განაცხადა აბდრახიმოვმა.
ინფოტურის ფარგლებში ბლოგერებმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა თბილისი, უფლისციხე და ბორჯომი დაათვალიერეს.
ტურის მონაწილეები ასევე კახეთს ეწვევიან. 13 კაციანი ჯგუფის წევრები დაათვალიერებენ სიღნაღს, გაეცნობიან ადგილობრივ კულინარიას, ესტუმრებიან ლოპოტას ტბას.
ტურის პარალელურად ბლოგერები მოამზადებენ საქართველოს ბუნების, კულტურის, სამზარეულოსა და ქალაქების შესახებ ფოტო- და ვიდეორეპორტაჟებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ათიათასობით ინტერნეტმომხმარებელი გაეცნობა.
„თქვენი ქვეყანა ძალიან სტუმართმოყვარეა. იმედი მაქვს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ავიაკომპანია Air-Astana-ს საშუალებით ძალიან ბევრი მოგზაური ეწვევა საქართველოს ყაზახეთიდან და გაეცნობიან ულამაზეს ქვეყანას, თავისი საოცარი ხალხით“, - ამბობს ბლოგერი ყაზახეთიდან იაკობ ფედოროვი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისიდან ოთხ თვეში საქართველოს ყაზახეთის 20 ათასზე მეტი მოქალაქე ეწვია, რაც 476%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდზე, ხოლო 22,5%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე.
კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მეტად ქართული ტურიზმი დააზარალა. მისი წილი საქართველოს ეკონომიკაში COVID-19-მდე დაახლოებით 10% იყო. ამიტომ, დარგის აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის აღორძინებისთვის.
ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად ხელისუფლება სხვადასხვა სარეკლამო კამპანიას და საინფორმაციო ტურებს ახორციელებს.
წყარო - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია