თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, თელავის ქუჩის კვეთიდან წინანდლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია მერიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქეთევან წამებულის გამზირზე სარემონტო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩამდე მონაკვეთზე მიმდინარეობდა, მეორე ეტაპზე სამუშაოები თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გაგრძელდება. როგორც ადრე გამოცხადდა, სამუშაოები რვა თვეში უნდა დასრულდეს.
კერძოდ, მეტროს სადგურ „ავლაბრიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება შეიზღუდება წინანდლის ქუჩის კვეთამდე, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროს სადგურ „ისნიდან“ მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდება წინანდლის ქუჩის კვეთიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით.
ამასთან, მეტროს სადგურ „ავლაბრიდან“ მომავალი მეტროს სადგურ „300 არაგველის“ მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით.
შემდგომ სვლას განაგრძობენ თელავის, ახმეტისა და წინანდლის ქუჩების მიმართულებით და დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს. ბოჭორმის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება წინანდლისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ბოჭორმისა და წინანდლის ქუჩების გამოყენებით.
ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბოჭორმის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გავლით.
ცვლილებები ასევე შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის -ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მიმართულებები დეტალურად იხილეთ ბმულზე.
ქეთევან წამებულის გამზირის სრული რემონტი, რომელიც სამგორის, ვარკეთილისა და ისნის რაიონებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაიწყო. პროექტის ფარგლებში იგეგმება მეტროსადგურ ავლაბრიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გზის მონაკვეთის მთლიანად შეკეთება - სულ 1,7 კილომეტრი.