თბილისი, 14 მაისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში რიგით მე-13 „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 61 ღვინის კომპანია, 89 საოჯახო მარანი და ღვინის შეფუთვა/მოხმარებასთან დაკავშირებული აქსესუარების მწარმოებელი 10 კომპანია მონაწილეობს.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გახსნეს.
„ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორც გასულ წლებში, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერია. ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მისი ცნობადობის გაზრდას, ასევე ახალი მწარმოებლების, ახალი ჯიშებისა და ღვინოების წარმოჩენას ემსახურება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ღვინის მწარმოებლები სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2021 წლის მოსავლის ღვინოების დაგემოვნებას სთავაზობენ. ფესტივალზე წარმოდგენილია კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები, რომლებიც „ღვინის კლუბის“ სადეგუსტაციო კომისიის მიერ შეირჩა.
ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით ტარდება.
ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოში 2010 წლიდან იმართება.