დასახელდა საქართველოს ყველაზე სუფთა რეგიონი

კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება მეექვსედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში ყოველწლიური კონკურს „სუფთა რეგიონი 2021“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
კონკურსი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.
კონკურსის მიზანია საქართველოს ყველაზე სუფთა რეგიონის, ქალაქის, რაიონის, სოფლის, ქუჩის, ასევე ყველაზე ლამაზი ეზოსა და აივნის გამოვლენა.
მიმდინარე წელს კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება მეექვსედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ კონკურსის ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ.
ნომინაციაში „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულად ზედიზედ მეოთხედ კახეთი დასახელდა.
„სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
„სუფთა ქალაქი“ - ქალაქი ლაგოდეხი;
„სუფთა დაბა“ - დაბა მესტია.
ნომინაციაში „ლამაზი ეზო" გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ. ყველაზე ლამაზ კერძო ეზოდ სოფელი ცაიშის მცხოვრები ბესიკ პერტაიას ეზო დასახელდა. ხოლო, ორგანიზაციის ყველაზე ლამაზ ეზოდ ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ კუთვნილი ეზო.
ასევე, გამოვლინდა „სუფთა ქუჩა“, რომლის წოდებაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მერაბ კოსტავას ქუჩას მიენიჭა.
გარდა ამისა, კონკურსის კომისიის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს.
დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ერიკ ილესი ესწრებოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია „სუფთა რეგიონი“, რომლის ძირითადი მიზანი ნარჩენების მართვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, ასევე, სტიქიური ნაგავსაყრელების და ზოგადად, გარემოს დაბინძურების შემცირებაა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ.