ლავროვი: რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ჰიბრიდული ომის შედეგებს ყველა იგრძნობს

აშშ-ისა და ევროპელი პოლიტიკოსების ყველა მცდელობა რუსეთი იზოლაციაში მოაქციონ განწირულია წარუმატებლობისთვის, განაცხადეს მოსკოვში
Sputnik
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის შედეგებს მთელი მსოფლიო იგრძნობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მოსკოვის მიმართ დასავლეთის პოლიტიკას ყაჩაღური და რეპუტაციის შემლახავი უწოდა.
„კოლექტიურმა დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა. ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ცხადია, რომ ყველა, გამონაკლისის გარეშე, იგრძნობს შედეგებს... ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების ყველა მცდელობა, რუსეთი იზოლაციაში მოაქციონ, განწირულია მარცხისთვის“, - ციტირებს РИА Новости ლავროვს.
გარდა ამისა, ევროკავშირი, ლავროვის თქმით, საბოლოოდ კარგავს დამოუკიდებლობას და სწირავს ევროპელების ცხოვრების ხარისხს შეერთებული შტატების ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის დაწყების გამო აშშ-მა და ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეზღუდვები დააწესეს. სანქციები შეეხო ფინანსურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, ტექნოლოგიურ სფეროებსა და სავიზო პოლიტიკას.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის.