საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა 32 ათას გოგონას ჩაუტარდა

ვაქცინაცია საქართველოს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 10-დან 12 წლამდე ასაკის 32 ათას გოგონას ჩაუტარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
ვაქცინაცია გოგონებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდათ.
წელს დაიწყო 13–18 წლის გოგონების ვაქცინაცია პაპილომავირუსის წინააღმდეგ. აქამდე ამ აცრას მხოლოდ 10–12 წლის გოგონებს უკეთებდნენ. აცრა პაპილომავირუსზე უფასოა.

15 წლამდე მოზარდებმა არანაკლებ ექვსთვიანი ინტერვალით ვაქცინის ორი დოზა უნდა გაიკეთონ. 15–18 წლის ასაკში – სამი დოზა. ამასთან, მინიმალური ინტერვალი პირველ და მეორე აცრებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე აცრებს შორის – სულ ცოტა 3 თვე.

ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).
პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. უმჯობესია ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.