„მობილური იუსტიციის სახლი“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც ამოქმედდა

„მობილური იუსტიციის სახლი“ მოქალაქეებს 470-მდე სახის მომსახურებას სთავაზობს.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი" მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ამოქმედდა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ე.წ. მობილური იუსტიციის სახლი მცხეთა-მთიანეთის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მდებარე სოფლების 17 ათასზე მეტ მომხმარებელს 470-მდე სერვისს მიაწვდის. წეროვანის დასახლებაში მოქალაქეები მობილური იუსტიციის სახლის მომსახურების მიღებას საცხოვრებელ ადგილზე შეძლებენ.
პირველი, ვინც სამინისტროს ახალი მომსახურებით ისარგებლა, იყო წეროვანში მცხოვრები მარიამ ჭულუხაძე, რომელსაც შვილის დაბადების მოწმობა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირადად გადასცა.

„დღეს ჩვენ წარვადგინეთ მეექვსე მობილური იუსტიციის სახლი. მოხარული ვართ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე მიიღონ ყველა ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მოქალაქეებს", − განაცხადა ბრეგაძემ.

„მობილური იუსტიციის სახლი" იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს სთავაზობს იმ სოფლების მცხოვრებლებს, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.
პროექტი 2021 წლის აგვისტოში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს მოიცავს.