პოეტი შოთა იათაშვილი საქართველოს სახელით მონაწილეობს ფესტივალში „ორფეოსი-პლოვდივი“

უძველეს ბულგარულ ქალაქში ერთმანეთს მსოფლიოს ათი ქვეყნის პოეტები ხვდებიან.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი შოთა იათაშვილი საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო პოეტურ ფესტივალზე „ორფეოსი–პლოვდივი 2022“, რომელიც ბულგარეთში იმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
რიგით მეხუთე საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც ბულგარეთის უძველეს ქალაქ პლოვდივში ტარდება, მსოფლიოს ათი ქვეყნის 11 პოეტი მონაწილეობს.
ფორუმზე წარადგენენ ორ მრავალენოვან წიგნს. ერთში შესულია პოეტების ლექსები მშობლიურ ენაზე და თარგმანი ბულგარულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო მეორეში ფესტივალის მონაწილეების ესეები ბულგარულ და ინგლისურ ენებზე თემაზე „ორფეოსის ფიგურა – მითსა და მომენტს შორის“.
ტრადიციულად, კონკურსის მონაწილეებს წელს ხუთი ლიტერატურული პრემია, მათ შორის, გრან-პრი „ორფეოსი“ გადაეცემათ პოეზიაში დიდი მიღწევებისთვის და პრიზი „ორფეოსის კვალდაკვალ“ – საუკეთესო ესესთვის მწერალთა ფორუმზე.
შოთა იათაშვილი – პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, ლიტერატურის კრიტიკოსი. არის პოეზიისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორი.