როგორ ემზადება საქართველო Eurobasket-2022-ის მასპინძლობისთვის: FIBA-ს დელეგაციის შეფასება

„ევრობასკეტი-2022“ მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად ოთხ ქვეყანაში - ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ბორდის (FIBA Europe) აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა შეაფასა პროგრესი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობაშია მიღწეული. ამის შესახებ ის ჟურნალისტებს სპორტული კომპლექსის დათვალიერებისას ესაუბრა.
„ევრობასკეტი-2022“ მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად ოთხ ქვეყანაში - ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილის წილისყრისას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები არიან ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ბელგია და ბულგარეთი.

„დავიწყებ იმით, რომ ბოლოს აქ ვიყავი 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ნანახი პროგრესით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არენის ნებისმიერი კონსტრუქცია არის დიდი საქმე, ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ გავდივართ პოსტ-პანდემიურ პერიოდს, რომელიც ნამდვილად უნიკალურია ისტორიაში“, – განაცხადა ნოვაკმა.

ნოვაკი ჩამოვიდა საქართველოში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 15-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში, რათა შეაფასოს დედაქალაქის მზადყოფნა – უმასპინძლოს კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვან საკალათბურთო ტურნირს „ევრობასკეტი 2022“-ს.
FIBA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ სპორტის სასახლის მშენებლობის ბოლო ფაზა ივლისისთვის დასრულდება და თბილისი ამ დროს დაგეგმილ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ღირსეულად უმასპინძლებს.
FIBA-ს დელეგაციას თბილისში მასპინძლობენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია, ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი.
ვიქტორ სანიკიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დასრულდება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისათვის ყველაფერი მზად იქნება.
იანვრის შემდეგ მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშები კვირაში ერთხელ იგზავნებოდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სპორტის სასახლეში იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამი დარბაზი, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.