ლეგალური მიგრაცია საქართველოდან შვეიცარიაში: მხარეებმა მემორანდუმი გააფორმეს

დოკუმენტის გაფორმების მიზანია არალეგალური მიგრაციის შემთხვევების შემცირება.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველომ და შვეიცარიამ გააფორმეს მემორანდუმი მიგრაციის საკითხებზე. ეს პირველი შეთანხმებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მოქალაქეების გადაადგილებას კომპლექსურად არეგულირებს, ნათქვამია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და შვეიცარიის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა (ფედერალურმა მრჩეველმა) კარინ კელერ სუტერმა.
„ეს არის პირველი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ ლეგალური მიგრაციის განვითარებას... უკვე ივნისის თვიდან ჩვენ გადავდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ქართული დელეგაცია ეწვევა შვეიცარიის კონფედერაციას და დავიწყებთ თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც მიგრაციის, ასევე ყველა სხვა იმ მიმართულებით, რომელზეც პასუხისმგებელი არის იუსტიციის სამინისტრო“, – განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტი თანამრომლობის შესახებ ხელს შეუწყობს ლეგალური მიგრაციის პროგრამების წახალისებას. მიგრანტების უფლებების დაცვის გაძლიერებას, ასევე არალეგალური მიგრაციის შემცირებას.
საქართველომ და შვეიცარიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივნისში დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ქვეყნებმა 2018 წლის მაისიდან დადეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.