სასამართლო ნიკა გვარამიას განაჩენს უახლოეს დღეებში გამოუტანს

თავად გვარამია ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს
Sputnik
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის სახსრების გაფლანგვის საქმეზე განაჩენს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს - საქმის მთავარი ფიგურანტია ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
გვარამიას, რომელიც 2019 წლის ივლისამდე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ბრალი ედება „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამია გირაოთია გათავისუფლებული და განაჩენს საპატიმროს გარეთ ელოდება.
თავის დასკვნით სიტყვაში ნიკა გვარამიამ თავდაპირველად მოსამართლე ჩხიკვაძეს მიმართა. მისი თქმით, ის მზადაა საკუთარ თავზე აიღოს არარსებული დანაშაული, რადგან „თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით“.

„რადგან ბოლო სიტყვაა, რომელიც პროცესის ფარგლებში უნდა ვთქვა, უფრო მიმართვა იქნება, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტაცია. არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ჩემ წინააღმდეგ ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული“, - განაცხადა გვარამიამ.

თავის გამოსვლაში მან მიმართა ოჯახის წევრებსა და „მთავარი არხის“ გუნდს, რომელსაც „მეორე ოჯახი“ უწოდა.
„აქ არის ჩემი მეორე ოჯახი, ტელევიზია, რომელიც შევქმენი არა ნულიდან, არანედ მინუსებიდან“, - განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ორი რამ - კეთილსინდისიერება და წესიერება, ხოლო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე მეორედ აღძრა მის წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება.
როგორც წინა პროცესებზე, გვარამია განსასჯელის სკამზე მოხვედრაში ივანიშვილს ადანაშაულებს.
მისივე თქმით, თუ მას პატიმრობას არ მიუსჯიან და ჯარიმას დააკისრებენ, ეს მას დააკარგვინებს საადვოკატო საქმიანობას, და, შესაბამისად, თავისუფლებას და მომავალს.
ტელეარხ „მთავარის“ დამფუძნებლის თქმით, მან დიდი ხანია გადაწყვიტა, სიცოცხლე მიუძღვნას „ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას“.
გვარამიამ ასევე მკაცრად სთხოვა ახლობლებს არ მიმართონ მისი შეწყალების თხოვნით „პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს“.

რას ედავებიან გვარამიას

ბრალდების მხარის მასალების მიხედვით, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო
სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა. იმ წელს „რუსთავი 2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ეპიზოდში ბრალდებულის სტატუსით ფიგურირებენ აგრეთვე ტელეარხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი, კომპანია „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი. ამ კომპანიას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდა.
ბრალდების მეორე ეპიზოდი ეხება ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას.
პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ. ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს ცენტრის“ ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.