თბილისი, 11 მაისი - Sputnik. რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიის გავლით 11 მაისს, შესაძლოა, 18%-ით შემცირდეს გაზის საზომ სადგურ „სოხრანოვკაში“ ტრანზიტის შეჩერების გამო, იუწყება РИА Новости უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით.
უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორმა გუშინ განაცხადა, რომ ფორსმაჟორული ვითარების გამო 11 მაისიდან წყვეტდა ტრანზიტს გაზის საზომი სადგურის „სოხრანოვკას“ და კომპრესორული სადგურის „ნოვოფსკოვის“ გავლით, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს. „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მისთვის არ წარუდგენიათ ფორსმაჟორული ვითარების მტკიცებულებები. ამასთან, სატრანზიტო მოცულობის გადატანა გაზის საზომ სადგურ „სუჯაზე“, როგორც უკრაინული მხარე სთავაზობს „გაზპრომს“, ტექნიკურად შეუძლებელია, აღნიშნეს ჰოლდინგში.
შედეგად, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სადგურ „სოხრანოვკას“ გავლით გაზის ტრანზიტი 11 მაისს შეჩერებულია, მაშინ როცა ერთი დღით ადრე გაზის მოცულობა 24 მილიონ კუბომეტრს შეადგენდა. განაცხადმა „სუჯას“ სადგურის გავლით გაზის ტრანზიტზე ოთხშაბათს 12%-ით ანუ 7,8 მილიონი კუბით მოიმატა და 72 მილიონ კუბომეტრამდე გაიზარდა.
ამგვარად, რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გაზის საზომი სადგურის გავლით ოთხშაბათს, შესაძლოა, დაახლოებით 16,2 მილიონი კუბით შემცირდეს. დაახლოებით ამავე მოცულობით შემცირდა სლოვაკეთში უჟგოროდის დერეფნით გაზის ტრანზიტის ნომინაცია. უჟგოროდი-ვილკე კაპუშანის შეერთების წერტილში ის 15,6 მილიონი კუბით დაეცა, სლოვაკეთის ოპერატორის Eustream-ის მონაცემების თანახმად.
„გაზპრომს“ არ დაუჯავშნია 11 მაისისთვის „იამალა-ევროპის“ გაზსადენის პოლონური სიმძლავრეები, რაზეც GSA Platform-ზე ჩატარებული აუქციონის შედეგები მეტყველებს. მაგისტრალი განაგრძობს მუშაობას ფიზიკური რევერსის რეჟიმში, ანუ გაზის ნაკადი მიედინება გერმანიიდან პოლონეთის მიმართულებით და არა პირიქით.
ამასთან, სტაბილურად მაღალია ტრანზიტი „ჩრდილოეთის ნაკადით“ - რუსეთიდან ევროპაში გაზის ექსპორტის მთავარი მარშრუტით. ოპერატორ Nord Stream AG-ის მონაცემებით, გაზსადენში საწვავი დღე-ღამეში დაახლოებით 170 მილიონი კუბომეტრის დონეზეა.
„გაზპრომმა“ უკრაინის მხარის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სრულად ასრულებს ევროპელი მომხმარებლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, აწვდის გაზს ტრანზიტისთვის კონტრაქტის შესაბამისად, ხოლო ტრანზიტის მომსახურება სრულადაა დაფარული.