თბილისი, 10 მაისი – Sputnik. კუნძულ ზმეინის აღების რამდენიმე მცდელობისას უკრაინულმა ჯარებმა დაკარგეს 14 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე 30 უპილოტო საფრენი აპარატი და ეკიპაჟების 50 წევრი, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.
„ეს ავანტიურა უკრაინისთვის კატასტროფულად დასრულდა. კიევის რეჟიმის მიერ გამარჯვების დღისთვის ზმეინის კუნძულის აღების უაზრო პიარ-აქციამ გამოიწვია 50-ზე მეტი უკრაინელი ბოევიკისა და შეიარაღებული ძალების ელიტური ნაწილების სამხედრო მოსამსახურეთა უაზრო დაღუპვა, ოთხი თვითმფრინავის, ათი ვერტმფრენის, სამი კატარღისა და ოცდაათი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება“, – განაცხადა გენერალმა.
კერძოდ, კონაშენკოვმა განმარტა, რომ კიევის რეჟიმმა ზმეინის რაიონში სამი ბომბდამშენი Су-24 და ერთი გამანადგურებელი Су-27 დაკარგა. განადგურებულია უკრაინის საჰაერო ძალების 10 ვერტმფრენი. აქედან სამი ვერტმფრენი Ми-8 ჩამოაგდეს ამ დროს ბორტზე მყოფი სადესანტო ძალებით, ასევე ერთი დამხმარე Ми-24. გარდა ამისა, ოპერაციაში ჩართული კიდევ ექვსი ვერტმფრენი Ми-8 და Ми-24 განადგურდა მიწაზე ოდესის ოლქის არციზის დასახლების მიმდებარედ.
მისი თქმით, სამშაბათს, ნაშუადღევს ზმეინის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო ძალების მიერ განადგურებულია კიდევ ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar-TB2.
„ამგვარად, ბოლო სამი დღის განმავლობაში კიევის რეჟიმმა ამ ტერიტორიაზე მხოლოდ 30 სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა. შეგახსენებთ, რომ აქედან ცხრა არის Bayraktar-TB2“, – დააზუსტა გენერალმა.
მან დასძინა, რომ ყველა უპილოტო აპარატი ჩართული იყო კიევის რეჟიმის წარუმატებელ „პიარ-აქციაში“ გამარჯვების დღისთვის კუნძულ ზმეინის ასაღებად.
გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს რუსმა სამხედროებმა ნაპირზე ზღვიდან გამორიყული უკრაინელი დივერსანტების კიდევ სამი ცხედარი იპოვეს.
„ახლა, კიევის წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ზმეინიზე უკრაინელი ბოევიკებისა და ნაციონალისტების 27 ცხედარი რჩება“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ზღვაში ასევე განადგურებულია სამი უკრაინული სადესანტო-მოიერიშე ჯავშანკატარღა „კენტავრი“ საზღვაო დესანტით ბორტზე.