თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი კომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რომელიც სამშენებლო–საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების ბაზრებს ეხება.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ საქარგილე მასალების მსხვილი იმპორტიორის GTC Trading-ის 50%-იანი წილის შეძენას, რომელიც 2021 წლის 18 ნოემბერს სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა.
უწყების ცნობით, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მყიდველს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა და განხორციელებული გაერთიანების შესახებ ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა ეთხოვა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხორცილებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლა. ორი კომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს კონკურენციის მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 12 მაისამდე აქვთ“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ თანხის 5%-ით ჯარიმდებიან.