თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ქართველმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს, რომელიც დააფუძნა შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse.
მარტში ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში მოიგო სარჩელი დაახლოებით 500 მლნ დოლარზე შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის წინააღმდეგ.
„ახალი სარჩელი უკავშირდება ბენეფიციარების აქტივების მმართველი რწმუნებულის მხრიდან ვალდებულებების სერიოზულ დარღვევებსა და კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას“, – ნათქვამია ქართველი მილიარდერის მიერ დაქირავებული PR-კომპანია Cision-ის განცხადებაში.
კერძოდ, 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გადახდა, რაც Green Vals Trust-მა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, რამაც ფონდის ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა.
ამ დროის განმავლობაში რწმუნებული ახორციელებდა ინფორმაციის დაუსაბუთებელ გამოთხოვას და დაგვიანების საბაბად ასახელებდა „გეოპოლიტიკურ ვითარებას აღმოსავლეთ ევროპაში“. შესაბამისად, ის არ ასრულებდა თავის უპირველეს ფუნქციას – ტრასტის აქტივების მართვას ბენეფიციარების სასარგებლოდ.
„ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განაგრძობს ბანკი მისი აქტივების მართვას. ფაქტობრივად ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა თანხის რწმუნებულის (ბანკის) ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ტრასტის მიზანს და პრინციპებს. რეალობა ის არის, რომ ამ ქმედებებს არ გააჩნია დასაბუთება და ეს ქმნის სახიფათო პრეცედენტს... ბანკი თავის ქმედებებსა და უმოქმედობას პოლიტიკურ მდგომარეობას და საგარეო ფაქტორებს უკავშირებს... ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არა მხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“, – ნათქვამია PR-კომპანიის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი გამართავს პრესკონფერენციების სერიას საერთაშორისო მედიისთვის შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან მისი სასამართლო პროცესის შესახებ.
„ივანიშვილი მედიასთან ყველა შეხვედრას აღნიშნულ თემას დაუთმობს და შვეიცარიის საბანკო და სასამართლო სისტემის უნაკლო იმიჯთან დაკავშირებულ მითებს დაანგრევს, ისაუბრებს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ზეწოლაზე და იმაზე, რაც შეიტყო ბანკისა და მმართველის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოგებული საქმე
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად - 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა. საბოლოოდ ივანიშვილმა მარტში მოიგო სასამართლო პროცესი.
წყარო - PR-კომპანია Cision