თბილისი, 10 მაისი – Sputnik. უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი სამშაბათს 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო Украинские новости კრავჩუკის ოჯახის წრეში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
„უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი დღეს, 10 მაისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი 1934 წლის 10 იანვარს ვოლინში დაიბადა. მან პარტიული კარიერა დაიწყო უკრაინის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების უფროსად.
1990-იან წლებამდე ხელმძღვანელობდა უკრაინის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიურ განყოფილებას. გაზეთების გვერდებზე უკრაინის დამოუკიდებლობის მომხრეებთან დისკუსიებში იყო ჩართული.
1991 წელს უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ კრავჩუკის თავმჯდომარეობით მიიღო უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი. დეკემბერში კრავჩუკი პრეზიდენტად აირჩიეს. სწორედ მისი ხელმოწერაა ბელოვეჟის შეთანხმებაზე სსრკ-ის არსებობის შეწყვეტის შესახებ.
2021 წლის ივნისიდან 2022 წლის თებერვლამდე კრავჩუკი ხელმძღვანელობდა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფს დონბასში სიტუაციის დარეგულირების საკითხებში.
ბოლო წლებში კრავჩუკი ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩეოდა. მან თავისი ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა „ნდობას რუსეთისადმი“. მისი თქმით, სწორედ ის უშლიდა მას ხელს „დამოუკიდებელი უკრაინის აღმშენებლობაში“.
2021 წელს 87 წლის კრავჩუკმა აღიარა, რომ საწოლთან მდგარ ტუმბოში ინახავდა პისტოლეტს, რომლიდანაც „რუსი მედესანტეების“ მოგერიებას აპირებდა.
წყარო - Украинские новости