კალაძე: ფაშიზმზე გამარჯვებაში საქართველოს წვლილი დიდია

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და ამ ომში საქართველოს განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა.
„77 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. ომისგან, რომელმაც 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. დიდია საქართველოს წვლილი მე-20 საუკუნის ბოროტებაზე – ფაშიზმზე გამარჯვებაში. ქედს ვიხრი ჩვენი გმირი წინაპრების ხსოვნის წინაშე“, - დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.
თბილისი მერმა ვეტერანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. ამ ადამიანებმა გამოიარეს ომის უბედურება და საკუთარი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში. ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ ყველა ვეტერანს“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკშია შესაძლებელი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი მებრძოლი წავიდა, მათგან შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი პირი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 131 – თბილისში.