თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
მინისტრმა ქობულეთში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მოინახულა და სარემონტო და დასრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
თავდაცვის მინისტრმა ბაზის ტერიტორიაზე ჯარისკაცებისთვის ახლად გახსნილი სასადილო, ახლადგარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა და დასრულებული ეკლესიაც მოინახულა.
„ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება“, - აღნიშნავენ უწყებაში.
როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის უახლოესი წლების ამოცანა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მაქსიმალური ყურადღება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაა.
წყარო - თავდაცვის სამინისტრო