თბილისი, 8 მაისი– Sputnik. კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კოვიდგადატანილი პაციენტების დაახლოებით 10% გაწერიდან ერთი წლის შემდეგაც გარკვეულ სიმპტომებზე საუბრობს. ამის შესახებ წერს სააგენტო Kyodo News იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
ამგვარად, ყველაზე ხშირი სიმპტომი, რომელსაც ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პერიოდში კოვიდგადატანილი პირების 7,4% უჩივის, კუნთების სისუსტეა. რესპონდენტების კიდევ 4,4% სუნთქვის გაძნელებას, ხოლო 3,5% - საერთო სისუსტეს უჩიოდა.
ამასთან, დაქვეითებულ ან შეცვლილ ყნოსვას და გემოვნებითი შეგრძნებების არარსებობას შესაბამისად 1,6% და 1% უჩიოდა.
კვლევა 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე ჩატარდა. მასში 693 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან იაპონიაში ინფიცირების 8,02 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 29,76 ათასი ადამიანი დაიღუპა.
წყარო - Kyodo News