თბილისი, 8 მაისი– Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილება აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დიდთოვლობის გამო გუშინ გვიან ღამით აიკრძალა. დილით გზა გაიხსნა მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.