თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების წესები მომზადდა

თბილისის მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. თბილისის საკრებულო ავარიული სახლების ჩანაცვლების წესს მიიღებს, ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ განაცხადა.
თბილისის მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია. ოფიციალური მონაცემები ეყრდნობა შენობების ინსპექტირებას მოქალაქეების მიმართვების შემდეგ.
„უკვე რამდენიმე თვეა, ამ მიმართულებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად საკმაოდ სოლიდური თანხაა გამოყოფილი, რაც მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა სოხაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
დეპუტატმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას სამგორის რაიონში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც ის არის.
„ხალხი მოუთმენლად ელოდება, თუ როდის დაიწყება პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა მან.
სოხაძემ იმედი გამოთქვა, რომ პროექტი სწრაფი ტემპებით განხორციელდება და რაღაც დროის შემდეგ თბილისში ავარიული კორპუსები აღარ იქნება.
2022 წლის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ დააანონსა ძველი ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო.

სახლის ავარიულად აღიარების პროცედურა

სახლის უსაფრთხოების შესაფასებლად მისმა მცხოვრებლებმა განცხადებით რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ.
ამის შემდეგ გამგეობა განცხადებას უგზავნის მერიას, რომელიც მუნიციპალურ ლაბორატორიას შენობის შეფასების შეკვეთას აძლევს.
შენობისთვის ავარიული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ვიზუალური დათვალიერებისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შეფასების შემდეგ.
ავარიულობის დონიდან გამომდინარე, შენობას გარკვეული კატეგორია ენიჭება. ავარიულობის მესამე და მეოთხე კატეგორიის შენობები საცხოვრებლად ყველაზე საშიშად ითვლება.