დუშეთში სტიქიას ებრძვიან: ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზა ჩახერგა

ამ დროისთვის შუაფხო-უკანაფშავის მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელია.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი– Sputnik. გადაუღებელი წვიმის გამო უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სტიქიის გამო ამ დროისთვის შუაფხო-უკანაფშავის მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მეწყერმა ჩაკეტა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჩოხამდე მისასვლელი გზაც.
უამინდობის გამო ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება.
„ახლაც მოდის მეწყერი, არ ჩერდება. მოსახლეობასთან გვაქვს აქტიური კონტაქტი, კავშირზე ვართ ყველა ოჯახთან. საჭიროების შემთხვევაში ცხენით შეგვიძლია მოვემსახუროთ, ტრაქტორი ადგილზეა, მობილიზებულია ტექნიკა. ველოდებით, რომ გამოიდაროს და აუცილებლად გავაკეთებთ გზას“, - განაცხადა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენელმა, მალხაზ წიკლაურმა.
მისივე ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
რაიონში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში - კერძოდ წვიმები, ზოგიერთ რაიონში კი თოვლი - 8 მაისამდე შენარჩუნდება.