COVID-19 - ბოლო ცნობები

თამარ გაბუნია: საქართველოში მოსახლეობის 34% ვაქცინირებულია

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა კოვიდ-შეზღუდვა გაუქმდა.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობის 34%-ს აქვს ჩატარებული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
6 მაისის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 2.885.315 აცრა. სრულად (ორი დოზით) ვაქცინირებულია 1.264.740 ადამიანი, „ბუსტერ-დოზა“ გაკეთებული აქვს 250.249 პირს.

„საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელება და გაფართოება. დღეისათვის ვაქცინირებულია მოსახლეობის 34%, რაც არასაკმარისია დაცვისთვის, თუ კვლავ გაჩნდება მუტაციის გარკვეული რისკი“, – განაცხადა გაბუნიამ ჟურნაისტებთან.

გაბუნიამ ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურების ტენდენციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.
„საქართველოში კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, სტაბილიზაციის ტენდენცია სახეზეა. შემთხვევების გამოსავლენად ტესტირება გრძელდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
იანვარში და თებერვლის დასაწყისში საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა გადაიარა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო. ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 70-150 არ აჭარბებს.
ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების, ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებლებისა და ლეტალობის შემთხვევების შესახებ მონაცემები კვირაში ერთხელ, სამშაბათობით გამოქვეყნდება.