თბილისი, 6 მაისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რიგი სახელმწიფოების ლიდერებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის ვეტერანებსა და ხალხს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის წერილი საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესების სექციამ გაავრცელა.
„ძვირფასო ვეტერანებო! საქართველოს პატივცემულო მოქალაქეებო! გულითადად გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს. 9 მაისი წმინდა დღესასწაულია რუსეთისა და საქართველოს ხალხებისთვის. ამ დღეს უზარმაზარი მადლიერებითა და სიამაყით ვიხსენებთ ჩვენი მამებისა და პაპების უდიდესი გმირობისა და უამრავი მსხვერპლის შესახებ, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ დამპყრობლების წინააღმდეგ ფრონტზე და თავდადებულად შრომოდნენ ზურგში ფაშიზმზე გამარჯვებისთვის“, – ნათქვამია პუტინის გზავნილში ქართველი ხალხისთვის.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად ჩვენი ზნეობრივი ვალია სათუთად მოვუფრთხილდეთ და ახალგაზრდა თაობას გადავცეთ ხსოვნა წარსულის დიდებულ მოვლენებზე, აღვკვეთოთ ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ძმური მეგობრობის ტრადიციები, რომლებიც საომარი განსაცდელის დროს გამოიწრთო, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას“, – ნათქვამია გზავნილში.
დასკვნის სახით პუტინმა საქართველოში მცხოვრებ ყველა ვეტერანს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კეთილდღეობა, ხოლო ზოგადად ქართველ ხალხს – მშვიდობა და აყვავება უსურვა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, შინ თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.