ტესტი ადეკვატურობაზე: ჯანსაღი თვითშეფასების 7 ნიშანი პოპულარული ფსიქოლოგისგან

Sputnik
სპეციალისტების თქმით, სამწუხაროდ, მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ადეკვატური თვითშეფასება: ვიღაც მიდრეკილია, მუდმივად აკრიტიკოს საკუთარი თავი და ამციროს თავისი დამსახურება, ხოლო სხვა – პირიქით, თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევს და აბსოლუტურად ყრუა კრიტიკული შენიშვნებისადმი.
ჯანსაღი თვითშეფასება კი ძალზე მნიშვნელოვანია როგორც თქვენი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის, ისე სხვებთან ნორმალური ურთიერთობისთვის.
ფსიქოლოგმა მიხაილ ლაბკოვსკიმ ის ნიშნები ჩამოთვალა, რომლებიც ჯანსაღ თვითშეფასებაზე მეტყველებს.

არ ცდილობს სხვის თავში შეძრომას

ხშირად ადამიანები, რომლებიც თვითშეფასების პრობლემებს განიცდიან, ცდილობენ ექსტრასენსობა ითამაშონ: ანუ „წაიკითხონ“ სხვა ადამიანების აზრები, იფიქრონ თანამოსაუბრის ნაცვლად და გადაწყვიტონ, რეალურად რას გულისხმობდა ის.
აი ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ადამიანი კი აქცენტს აკეთებს მხოლოდ იმაზე, რასაც პირდაპირ ეუბნებიან.

მისი ბრალი არ აღემატება სიტუაციის სიმძიმეს

ადამიანი, რომელსაც ჯანსაღი თვითშეფასება აქვს, თავს არ მოიკლავს იმის გამო, რომ შემთხვევით ფეხი დაადგა ვიღაცას. ის თავს დამნაშავედ იგრძნობს ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ პატიებას ითხოვს.
ხოლო თუ მართლაც მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად. მაგრამ არ იფიქრებს, რომ მისი დანაშაულის ხარისხი ზარალს „აანაზღაურებს“.

თავს უფლებას აძლევს, იყოს „ხარვეზიანი“

არავინ არის სრულყოფილი. ნორმალური თვითშეფასების მქონე ადამიანმა ეს იცის. გარკვეულ სიტუაციებში თავს უნდა მისცეთ საშუალება, იყოთ დაუცველი და განიცადოთ ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობები: ბრაზი, იმედგაცრუება, მწუხარება.
ვისაც თვითშეფასების პრობლემა არ აქვს, არ მოითხოვს საკუთარი თავისგან გამოიყურებოდეს 20 წლით ახალგაზრდულად და იყოს საუკეთესო ყველა სფეროში.

სირცხვილის გრძნობას თავს არ მოიხვევს

თუ ადამიანი მანიპულირებისადმი დაუცველია, მოწყვლადია, ე.ი. თვითშეფასების პრობლემები აქვს. ეს ამის აშკარა ნიშანია.
ადამიანს, რომელსაც ასეთი პრობლემები არ აქვს, საერთოდ ვერ გააკონტროლებთ შეფასების დახმარებით. მას არ აინტერესებს „დედის მეგობრის შვილის“ წარმატება, არ ეშინია იკითხოს, თუ რამე არ იცის, ან რაღაცაში დარწმუნებული არ არის.

კომპლიმენტები და შექება სიამოვნებს

უხერხულად გრძნობთ თავს, როცა გაქებენ ან კომპლიმენტს გეუბნებიან? თუ ასეა, მაშინ თვითშეფასებაში რაღაც ისე ვერ გაქვთ.
კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანი არის ქებაზე და კომპლიმენტებზე დამოკიდებულება.

თავს სხვებს არ ადარებს

ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ადამიანები არ აღიქვამენ თავს რაღაც გაუგებარი რბოლის მონაწილედ და არ ცდილობენ ვინმეს რამე დაუმტკიცონ. მათ უბრალოდ აზრადაც არ მოსდით, რომ ვინმეს შეედარონ.

კეთილია საკუთარი თავის მიმართ

დაბოლოს, ნორმალური თვითშეფასების მქონე ადამიანი ტყუილუბრალოდ არ გაკიცხავს საკუთარ თავს, მას არ შერცხვება თავისი ბუნებრივი რეაქციებისა და ემოციებისა. გარდა ამისა, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ თავად გაიმხნევონ თავი და მალევე, უმოკლეს დროში დაუბრუნდნენ ნორმალურ მდგომარეობას.