თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ყაზბეგი“ არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე ისრაელის მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა – 45.000 აშშ დოლარი და 3.500.000 რუსული რუბლი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 286.865,7 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 28.686 ლარი (არადეკლარირებული თანხის 10%) შეეფარდათ.