ამბავი ევროპის ცნობილი ლამაზმანისა: სალომე ანდრონიკაშვილის ბობოქარი ცხოვრება

Sputnik-ის პროექტი „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ და იგორ ობოლენსკი სალომე ანდრონიკაშვილისა და მისი ცნობილი თაყვანისმცემლების ისტორიას გიამბობთ.
Sputnik
ის 1888 წელს დაიბადა ტფილისში, ივანე ანდრონიკაშვილისა და ლიდია პლეშჩეევას ოჯახში.
ივანე ანდრონიკაშვილს პეტერბურგში, ვასილევსკის კუნძულზე უზარმაზარი ბინა ჰქონდა. სწორედ ამ ქალაქში გაითქვა სახელი სალომემ, როგორც ერთ-ერთმა ულამაზესმა ყმაწვილმა ქალმა.
სალომე და მისი მამიდაშვილი თინათინ ჯორჯაძე 1906 წელს შევიდნენ ბესტუჟევის კურსებზე — რუსეთის ერთ-ერთ პირველ უმაღლეს ქალთა სასწავლებელში. თუმცა ახალგაზრდა ქალბატონებისთვის უმთავრესი უნივერსიტეტი — ეს მაინც პეტერბურგის მაღალი წრის სალონები იყო, სადაც ერთ საღამოს სალომემ ზინოვი პეშკოვი გაიცნო — მწერალ მაქსიმ გორკის შვილობილი, რომელიც მისი თავგადაკლული თაყვანისმცემელი გახდა.
სალომე ანდრონიკაშვილი
სალომე როცა გაიცნო, ზინოვი შეჭირვებულად ცხოვრობდა. ასე რომ, ქალიშვილმა ჩაის პლანტატორ პაველ ანდრეევის ცოლობა არჩია, რომელიც მასზე ორჯერ უფროსი იყო.
იმ წლებში მეტად პოპულარული მწერალი ქალი ნადეჟდა ტეფი წერდა: „წვეულებების მშვენება, როგორც ყოველთვის, სალომეა ანდრონიკოვა გახლდათ — არც მწერალი, არც პოეტი, არც მსახიობი, არც ბალერინა, არც მომღერალი… მაგრამ ის ჩვენი წრის ყველაზე საინტერესო ქალად იყო აღიარებული“.
სალომე მართლაც ძალზე საინტერესო პიროვნება იყო. მოულოდნელი საქციელები სჩვეოდა, რითაც მთელ ქალაქს აალაპარაკებდა ხოლმე. თუნდაც აეროპლანით გასეირნება რად ღირდა! ნაცნობი მფრინავი დაითანხმა და იმანაც პეტერბურგის ირგვლივ შემოსაფრენად გაიყოლა სალომე, რომელიც ლამის პირველი ქალი იყო ამ მხრივ.
1917 წელს პეტერბურგიდან ალუშტაში წავიდა აგარაკზე. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ყირიმში გამგზავრებით თავს გადაირჩენდა. მასზე უთავბოლოდ შეყვარებულმა ადვოკატმა ალექსანდრ გალპერნმა სალომეს წერილით შეატყობინა ნიკოლოზ მეორის ტახტიდან ჩამოგდების თაობაზე და დაარწმუნა, რომ პეტერბურგში დაბრუნება არ ღირდა, რომ სჯობდა საქართველოში გამგზავრებულიყო, მშობლებთან.
იმ მომენტისთვის სალომე უკვე გაყროდა ვნებაჭარბ პლანტატორს, რომელიც ხან თინათინ ჯორჯაძის ტრფიალს ცდილობდა და ხანაც ცოლისდის, მარიამისას. სწორედ ამიტომაც ჩასახვოდა გალპერნს იმედი, რომ საქართველოში თავადაც ეწეოდა ბედს და სალომეს ცოლობაზე დაითანხმებდა. მაგრამ…
რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ხელისუფლებაში მენშევიკური მთავრობა მოვიდა. ხოლო საფრანგეთმა ქვეყანაში ელჩად მაიორი ზინოვი პეშკოვი მოავლინა. დიახ, წარსულში სალომეზე უიმედოდ შეყვარებული ღარიბი პეტერბურგელი ახალგაზრდა ახლა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი გამხდარიყო და, როგორც რუსული ენის მცოდნე, საფრანგეთის უმაღლესი კომისრის პოლიტიკური კონსულტანტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად მიეჩნიათ.
იგორ ობოლენსკი ზინაიდა სერებრიაკოვას მიერ შესრულებული სალომე ანდრონიკაშვილისა (მარჯვნივ) და ელისო დადიანის პორტრეტებთან
და სალომესა და ზინოვის შორის კვლავ გაჩაღდა რომანი. ამ სიყვარულმა სალომე საპატიმროდან იხსნა. როდესაც პეშკოვმა შეიტყო, რომ ტფილისისკენ მიმავალი სალომე დაეპატიმრებინათ და ხარკოვის ციხეში გაემწესებინათ, სასწრაფო ტელეგრამა აფრინა მამობილთან: „მამა, დაურეკე ლენინს, ტროცკის ან თავად კარლ მარქსს! ვისაც გინდა, მაგრამ სალომე ანდრონიკოვა თავისუფალი უნდა იყოს!“
არავინ იცის, ჩამოთვლილი სამიდან რომელს დაუკავშირდა პროლეტარი მწერალი, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი თავადის ასული ციხიდან გამოუშვეს და მანაც მშვიდობით ჩამოაღწია ტფილისამდე.
მერე, როცა წითელი არმია საქართველოში შემოსაჭრელად მოემზადება და ახალგაზრდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრება, პეშკოვი კვლავ მოევლინება სალომეს მხსნელად და პარიზში წასვლას შესთავაზებს — ისე, უბრალოდ, მაგალითად, ახალი თავსაბურავის შესაძენად.
— მაგრამ საბუთები თან რომ არ მაქვს? — დაიბნა სალომე.
— რაში გჭირდებათ საბუთები, როცა მე გყავართ? — დაამშვიდა ქალი საფრანგეთის მომავალმა გენერალმა.
და ქალიც დათანხმდა.
საფრანგეთისკენ მიმავალ ხომალდამდე შეყვარებულებმა ნავით მიაღწიეს. მეზღვაურებმა უარი თქვეს უსაბუთო ქართველი ქალბატონის გემბანზე აშვებაზე. აი, მაშინ კი ზინოვი პეშკოვმა რევოლვერი იძრო და მატროსები აიძულა, რომ სალომე ანდრონიკაშვილი გემზე აეყვანათ…
პარიზში სალომე ანდრონიკაშვილი ელისეს მინდვრების სიახლოვეს დასახლდა და მოდების ჟურნალში დაიწყო მუშაობა. მერე კი ცოლად გაჰყვა… ალექსანდრ გალპერნს, რომელიც საფრანგეთში მას შემდეგ ჩასულიყო, რაც რუსეთიდან გაეძევებინათ დროებით მთავრობაში მუშაობის გამო.
ოჯახური ცხოვრება სალომეს სულაც არ შლიდა ხელს, რომ ზინოვი პეშკოვთან მიმოწერა ჰქონოდა. ყოფილი სატრფო, სადაც უნდა ყოფილიყო, ყველა წერტილიდან სწერდა ქალს წერილებს, რომლებსაც ბოლოში, როგორც წესი, ასე აწერდა ხელს: Целую тебя от всего сердца и от всей моей старой и любящей тебя души.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამჭრიახმა გალპერნმა სალომესა და მის ქალიშვილ ირინას ომის ქარცეცხლში გახვეული ევროპიდან თავის გარიდება ურჩია. მაგრამ ამერიკაში წასვლაზე მხოლოდ სალომე დაეთანხმა. 1945-ში გალპერნი ბრიტანეთში გაამწესეს სამუშაოდ და ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.
სიცოცხლის ბოლოს, როდესაც გალპერნმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და იძულებული გახდა სახლი გაეყიდა, ერთადერთი პირობა წამოაყენა: მიეცათ მისი მეუღლისთვის სიცოცხლის ბოლომდე ამ სახლში ცხოვრების უფლება. ცნობილ მწერალსა და ფილოსოფოსს ისაი ბერლინს, რომელმაც გალპერნის სახლი შეიძინა, უარი არ უთქვამს.
ლონდონში სალომე ანდრონიკაშვილი მაღალი წრის საზოგადოების ქალბატონის შესაფერისად განაგრძობდა ცხოვრებას — წვეულებებსაც აწყობდა და სტუმრებსაც იღებდა. ვახშამზე კი, თუნდაც სრულიად მარტო ყოფილიყო, აუცილებად საღამოს კაბით მიუჯდებოდა მაგიდას.
სალომეს მეგობართა შორის იყვნენ ბარონესა კლემენტინა სპენსერი-ჩერჩილისა — პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის მეუღლე, და მსახიობი პიტერ უსტინოვი, თუმცა მისი ყველაზე ახლო მეგობარი ბარონესა ბუდბერგი იყო, მაქსიმ გორკის ყოფილი მუზა და სატრფო.
ერთხელ ამ ორმა ქალბატონმა მილიარდერ არისტოტელე ონასისისგან მიწვევა მიიღეს. უმდიდრესი ბერძენი მათ იახტით სასეირნოდ ეპატიჟებოდა. სალომეს საოცრად მოეწონა იახტის სალონში ვარდისფერი ტყავისგან დამზადებული დივანი და მილიარდერს ჰკითხა, რისი ტყავიაო. ამაზე ონასისმა იმდენად არალიტერატურული პასუხი გასცა, რომ…
სალომე ანდრონიკაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში კულინარიით დაინტერესებულა და რეცეპტების წიგნიც კი გამოუცია. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ მუზა ვიყავი, სიბერეში კი მივხვდი, რომ რეალურად მზარეული ვყოფილვარო, ხუმრობდა თურმე ის. ხოლო როცა სერიოზულ თემებზე ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა საქართველოს დატოვება იყო.
— მე ჩავიდინე სისულელე, როცა სამშობლო ესოდენ მძიმე მომენტში მივატოვე, — ნანობდა ქართველი თავადის ასული.
მან დიდხანს იცოცხლა: აღარც გალპერნი იყო ამ ქვეყნად, აღარც საფრანგეთის არმიის გენერალი, 50 სახელმწიფო ორდენის კავალერი ზინოვი პეშკოვი...
სალომე ანდრონიკაშვილი სასტიკ უარს აცხადებდა მემუარების დაწერაზე. თავისი ცხოვრების შესახებ მხოლოდ პაპუნა წერეთელს უამბო, ისიც წერილებით და ისიც – მცირედი.
„თითქმის 90 წლის ვარ და უკვე დროა სიკვდილისთვის მოვემზადო. ძალიან უბრალო ანდერძს ვიბარებ: ყველაფერს, რაც გამაჩნია და რაც მე მეკუთვნის, ჩემს ქალიშვილს ვუტოვებ. ანდერძში ვწერ, რომ ზინაიდა სერებრიაკოვას მიერ დახატულ ჩემს პორტრეტს საქართველოს ვუანდერძებ...
სანამ არ მოვკვდები, არ მსურს გამოვეთხოვო ჩემს ნახატებსა და წიგნებს. სიკვდილი ახლოსაა, რადგან უკვე 90 წლის ვარ. მუდმივი სიცოცხლე მინდა, მაგრამ ეს ბუნებითაა დადგენილი…
არავის სჯერა ჩემი ასაკი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვმალავ. შესანიშნავი ფიგურა მაქვს და ამბობენ, რომ ლამაზი ვარ. დაფიქრდით, რა საოცრებაა! 70 წლისას ვგავარ, ყველაფერი შემიძლია, ყველაფერს მივირთმევ, ყველაფერს ვსვამ და ას წლამდე ვაპირებ ცხოვრებას…
ყველა გარდაიცვალა, მე კი ისევ ცოცხალი ვარ. და არ მინდა სიკვდილი…“
1982 წლის 8 მაისს ლონდონურმა „ტაიმსმა“ საზოგადოებას სალომე ანდრონიკაშვილის სიკვდილი აუწყა — „ყველაზე ბრწყინვალე ქალბატონისა“ და „ვერცხლის საუკუნის ყველაზე ცნობილი ლამაზმანისა“, რომლის ფერფლიც, მისივე ანდერძის თანახმად, ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე გაფანტეს.