პიოტრ აკოპოვი
რომის პაპმა ფრანცისკმა არ გამორიცხა, რომ კონფლიქტი და პუტინის რეაქცია „რუსეთის კართან ნატოს ყეფამ“ გამოიწვია. ასეთი განცხადება პაპმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში გააკეთა, რამაც დასავლური სამყარო გააოცა.
„ალბათ, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის კართან ნატოს ყეფამ დაარწმუნა კრემლის მმართველი, ამ ყეფაზე ცუდი რეაგირება მოეხდინა და კონფლიქტი დაეწყო. <...> არ ვიცი ეს მრისხანება იყო თუ არა პროვოცირებული განზრახ, მე ხშირად ვეკითხები თავს ამის შესახებ. მაგრამ ვიღაც აშკარად დაეხმარა ამ რისხვას გავარვარებაში“.
საქმე ის კი არ არის, რომ კათოლიკური სამყაროს მეთაურმა (1,2 მილიარდი მორწმუნე) მოულოდნელად რუსეთის მხარდაჭერა გადაწყვიტა — რა თქმა უნდა, არა. ფრანცისკი გმობს ომს და ამბობს კიდეც, რომ მოსკოვში ჩამოსვლა უნდა, რათა რუსეთის პრეზიდენტი ჯარების შეჩერებაში დაარწმუნოს.
მაგრამ რუსეთის გმობისას რომის პაპი გმობს დასავლეთსაც და ეს საერთოდ არ აკმაყოფილებს ანგლოსაქსი ლიდერების ინტერესებს, რომლებსაც აუცილებლად მიაჩნიათ რუსეთის არა მხოლოდ იზოლაცია, არამედ მისი დამარცხებაც. მით უმეტეს, რომ, ისტორიაში პირველად, აშშ-ში სამი უმაღლესი პოზიციიდან ორს კათოლიკეები – ბაიდენი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი იკავებენ. საქმე ის კი არ არის, თუ რამდენად ერთგული და გულმოდგინე კათოლიკეები არიან ისინი, არამედ ის, რომ ისინი ყოველთვის საჯაროდ აღიარებდნენ რომის პაპ ფრანცისკის მაღალ ავტორიტეტს. ახლა კი ირკვევა, რომ კათოლიკური ეკლესიის მეთაური არათუ არ ემხრობა რუსეთის იზოლაციას, არამედ კონფლიქტის ნაწილს მაინც თავად დასავლეთს აბრალებს.
მაგრამ ვატიკანის პოზიცია გასაკვირი ნამდვილად არ არის — როგორც ვატიკანი, ისე პაპი ფრანცისკი დიდი ხანია აღარ უჭერენ მხარს გლობალიზაციის ანგლოსაქსურ ვერსიას. კათოლიკურ ეკლესიას თავისი ეკუმენური პროექტი აქვს, ანგლოსაქსური პროექტი კი პროტესტანტული მესიანიზმიდანაა წარმოშობილი, და საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ იგი წარმატებით აძევებს კათოლიკეებს, პირველ რიგში დასავლური სამყაროდან, სადაც ვატიკანის პოზიციები სწრაფად სუსტდება, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. კათოლიციზმს ანაცვლებს არა პროტესტანტიზმი, არამედ ანტიქრისტიანული პოსტჰუმანიზმი — ყოველგვარი რელიგიური ღირებულებების უარყოფითა და ახალი ზეადამიანის კულტით.
შემთხვევითი არ არის, რომ ფრანცისკი გამუდმებით აკრიტიკებს თავისუფალ ბაზარს და ამბობს, რომ საბაზრო კაპიტალიზმის „მაგიურმა თეორიებმა“ კრახი განიცადა, და, არსებულის ნაცვლად, სამართლიანი ეკონომიკური სისტემის შემუშავებისკენ მოუწოდებს.
რომის პაპს ასევე არ მოსწონს დასავლეთის თავდაჯერებულობა მის უპირატესობაში და უფლება, ასწავლოს და დასაჯოს სხვა ხალხები და ცივილიზაციები ახალი „ჯვაროსნული ლაშქრობების“ მოწყობით. უფრო მეტიც, თავისი პოზიციის მხარდასაჭერად ფრანცისკმა გასული წლის აგვისტოში ესპანურ რადიოსადგურ Cadena COPE-თან ინტერვიუში მოიყვანა ციტატა, რომელიც მას მოეწონა:
„აუცილებელია შეწყდეს სხვათა ღირებულებების გარედან თავსმოხვევის უპასუხისმგებლო პოლიტიკა და სხვა ქვეყნებში დემოკრატიის აგების მცდელობა უცხოური მოდელებით — ისტორიული, ეროვნული და რელიგიური თავისებურებების გაუთვალისწინებლად და სხვა ხალხების ტრადიციების სრული იგნორირებით“.
როგორც რომის პაპმა თქვა, ეს არის ანგელა მერკელის სიტყვები, რომელსაც მან „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე“ უწოდა. ციტატა ნამდვილად კარგია, მაგრამ ეს სიტყვები კანცლერმა კი არ წარმოთქვა, არამედ ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც მოსკოვში მიიღო ანგელა მერკელი.
ანუ, ვატიკანისა და მოსკოვის დამოკიდებულება ანგლოსაქსური გლობალიზაციისადმი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი „გლობალური სიკეთის“ ძალების მხრიდან მკაცრი დიქტატის წინააღმდეგი არიან, არამედ იმიტომ, რომ კათოლიკეები და მართლმადიდებლები, ყველა მათი განსხვავებულობისა და ათასწლოვანი წინააღმდეგობების მიუხედავად, ახლა მრავალი თვალსაზრისით მოკავშირეები აღმოჩნდნენ, ვინაიდან ტრადიციულ, რელიგიურ და ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციული ცხოვრების წესს, სამართლიანობასა და კაცობრიობის მრავალფეროვნებას იცავენ.
იეზუიტი ბერგოლიო, როგორც ადამიანური ცივილიზაციების აყვავებული სირთულისა და მრავალფეროვნების დამცველი? დიახ, ეს შეიძლება ზოგს პარადოქსად მოეჩვენოს, მაგრამ იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც „თავისუფლებისა და დემოკრატიის“ ერთადერთ ჭეშმარიტ სწავლებას აღიარებენ, რომელიც ტოტალური დეჰუმანიზაციის გეგმებს ფარავს, ვატიკანი აუცილებლად აღმოჩნდება ბარიკადების იმავე მხარეს, რომელზეც რუსეთია. ეს ისტორიის უცნაურობაა? არა, ეს მისი ახალი შემობრუნებაა, რომელშიც გუშინდელ შეურიგებელ ოპონენტებს შეუძლიათ განზე გადადონ უთანხმოება, რათა ერთად შეაჩერონ მოსალოდნელი კატასტროფა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე