რას ვჭამთ: საქართველოში სასაკლაოებზე ათობით დარღვევა გამოვლინდა

კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შვიდ ბიზნეს-ოპერატორს შეუჩერდა.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. მიმდინარე წელს საქართველოში სასაკლაოების შემოწმებისას სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 20 ბიზნეს-ოპერატორი, მათ შორის შვიდს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და მიეცა რეკომენდაციები. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ძირითადი შეუსაბამობა, რომელიც ობიექტებში აღინიშნა, ჰიგიენური ნორმების დარღვევაა.
მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასაკლაოებში 302 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა: ინსპექტირება – 158, გადამოწმება – 120, დოკუმენტური შემოწმება – 8, ხოლო ზედამხედველობა – 16 სასაკლაოში.

„სასაკლაოები მაღალი რისკის ობიექტებს მიეკუთვნება, რის გამოც გეგმური შემოწმებების სიხშირე რისკის ანალიზის გათვალისწინებით განისაზღვრება; მიმდინარეობს არაგეგმური კონტროლიც. შესაბამისად, სასაკლაოების შემოწმება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აქტიურად მოწმდება, რამდენად დაცულია სურსათის უვნებლობის ძირითადი მოთხოვნები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, აქტიურად მოწმდება საწარმოს მოწყობა; ფიზიკური და ბიოლოგიური საფრთხეების აღმოფხვრა; შენობის და ინვენტარის დასუფთავება და დეზინფიცირება; სურსათის სათანადო ტემპერატურაზე დამუშავება და შენახვა; ობიექტის წყლის და კანალიზაციის სისტემებით უზრუნველყოფა; ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ნარჩენების მართვა; ვენტილაცია; შენობის მდებარეობა და ა.შ.
სურსათის ეროვნული სააგენტო სასაკლაოების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით 126 სასაკლაო (29 – ფრინველის) ფუნქციონირებს.
საქართველოში 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სასაკლაოებს ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ს პრინციპების შესაბამისად განახორციელონ.
სურსათი უვნებელი უნდა იყოს: საქართველოში ახალი რეგულაცია ამოქმედდება >>
HACCP – საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს. მას ნერგავს და მართავს თავად ბიზნეს-ოპერატორი.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის პრინციპები ჯერ კიდევ 1970 წელს აშშ-ში შემუშავდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.