თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძეს, მის მეუღლეს თეკლა კოსტავას და მათი ოჯახის წევრებს შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო უსამძიმრებს.
წულუკიძეს წლინახევრის შვილი რამდენიმე დღის წინ დაეღუპა – ბავშვი მეცხრე სართულიდან გადავარდა.
„ჩვენგანაც მიიღეთ სამძიმარი და თანაგრძნობა იმ დიდი ტკივილის გამო, რასაც ბავშვთან განშორებით განიცდით; მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს განშორება დროებითია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ სწორედ გარდაცვალების შემდეგ იწყება მარადიული ცხოვრება, მონათლულ ყრმათათვის კი, როგორიც კიტა-კონსტანტინეა, მარადიული ნეტარი ცხოვრება“, – წერს პატრიარქი სამძიმრის წერილში.
ნიკოლოზ წულუკიძე რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მას და მის მეუღლეს თეკლა კოსტავას 6 წლის სესილი დარჩათ.
საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, მსახიობები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები წულუკიძესა და მის ოჯახს თანაგრძნობას სოციალურ ქსელებში უცხადებენ. ბევრმა მათგანმა გვერდიდან მთავარი ფოტო მოხსნა და შავი კვადრატი და ლენტი ჩასვა.
ნიკოლოზ წულუკიძე ტელეკომპანია „იმედის" წამყვანი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელია, არის საქართველოს თეატრალური კრიტიკოსების კავშირის პრეზიდენტი.