„ბილაინ საქართველოს“ ახალი მფლობელი ეყოლება

„ბილაინ საქართველო“ საქართველოს მობილური ოპერატორების ბაზარზე მესამე ადგილს იკავებს – 1 მარტის მონაცემებით, კომპანიას დაახლოებით 1,3 მილიონი აბონენტი ჰყავდა.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. მობილური ოპერატორი Beeline Georgia-ს მფლობელის შეცვლაზე წინასწარი თანხმობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხუთშაბათს გასცა.
რეგულატორის ინფორმაციით, „ბილაინ საქართველო“ ეკუთვნის კომპანია VEON Georgia Holding B.V-ს, რომლის 71% ეკუთვნის WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ს, ხოლო 29% – Investico Alliance LTD-ს. ამ აქციებს ყიდულობს ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია.
ამგვარად, ბიზნესმენი VEON Georgia-ს მფლობელი ხდება.

„საკითხის შესწავლის საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

„ბილაინ საქართველო“ საქართველოს მობილური ოპერატორების ბაზარზე მესამე ადგილს იკავებს – 1 მარტის მონაცემებით, კომპანიას ჰყავდა დაახლოებით 1,3 მილიონი აბონენტი, რაც საქართველოში არსებული აბონენტების საერთო რიცხვის 24,5%-ს შეადგენს.
ბოლო დრომდე VEON Georgia Holding B.V იყო საერთაშორისო ჯგუფ VEON-ის ნაწილი, რომლის 47,9% ეკუთვნის კომპანია Letterone Investment Holdings S.A-ს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.
ხვიჩა მაქაცარია არის ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც აქვს წილები ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Telasi, Tbilisi Energy, GSN, „თბილისის მიკროავტობუსი“, საქართველოს ეროვნული ლატარია, Caucasus Online, Tbilisi Mall, Global Utilite Solutions, Georgian Hotels Manager Group და სხვ.
წყარო - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია