ასპინძაში მკვლელობა მოხდა

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა თანასოფლელმა მიაყენა.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ასპინძის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას პორტალი „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გამოცემის ინფორმაციით, ასპინძის სამედიცინო დაწესებულებაში 35 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
„ჩვენთან გვამი შემოიყვანეს. რა მოხდა, არ ვიცი. ყელზე აქვს დიდი ჭრილობა. რამდენადაც ვიცი, გამვლელმა პირებმა მოიყვანეს. არ ვიცით ვინაობა“, – ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი მანანა ცინაძე.
თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა თანასოფლელმა მიაყენა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი სოფელ ტოლოშიდან არის.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე ახალციხეში გადაასვენეს. ადგილობრივების თქმით, ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.
წყარო - „სამხრეთის კარიბჭე“