თბილისში ტრადიციული წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც დამთვალიერებელს წიგნების ფართო ასორტიმენტი ელოდება.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი (Tbilisi International Book Festival) საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს დარბაზში 26-29 მაისის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატსა და მასშტაბს: მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოური გამომცემლობებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები, მე-6 პავილიონში კი – საბავშვო წიგნები და შესაბამისი აქსესუარები.

ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული იქნება მთავარი სცენა როგორც ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ისე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა სტუმრებისთვის.
ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ფოკუს-ქვეყნების პროგრამა იქნება. ფესტივალის ყურადღების ცენტრში წელს თურქეთი იქნება.
თურქეთმა ფესტივალის ფოკუს-ქვეყნის სტატუსი ჯერ კიდევ 2020 წელს მიღო, თუმცა, კოვიდ-პანდემიის გამო იგი ამ სტატუსით წელსაც ისარგებლებს.
თბილისის წიგნის ფესტივალი
გარდა ამისა, ფესტივალზე ბრუნდება პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“, რომლის ფარგლებშიც ქართველი მსახიობები მათ მიერ შერჩეულ წიგნებს წარადგენენ.
ფესტივალის მიზანი 1997 წლიდან უცვლელია – საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება. ტრადიციულად ფესტივალის ყოველწლიური მონაწილეები არიან ქართველი და უცხოელი გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც დამთვალიერებელს ელოდება წიგნების ფართო ასორტიმენტი და აქსესუარები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.