თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ნატოს სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც უკრაინაში ჯარისთვის იარაღსა და ამუნიციას ჩაიტანენ, განადგურდება, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
„აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის იარაღით „დატენვას“. აღვნიშნავ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის განკუთვნილ იარაღს ან მატერიალურ საშუალებებს ჩაიტანს, ჩვენი მხრიდან განიხილება როგორც ლეგიტიმური სამიზნე განადგურებისთვის“, — თქვა შოიგუმ ოთხშაბათს გამართულ კონფერენციაზე.
მისი თქმით, სპეცოპერაციის მსვლელობისას რუსი სამხედროები „ავლენენ სიმამაცესა და გამბედაობას, ღირსეულად ასრულებენ სამხედრო მოვალეობას, უზრუნველყოფენ დონბასის მოსახლეობის უსაფრთხოებას“.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ყველა ამოცანის შესრულებას“, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთმა უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაცია“ მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, ოპერაციის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაციაა“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. შეზღუდვების გამოცხადება კვლავ გრძელდება.