თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისგან თავის არიდების მიზნით ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილით საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთიდან საქართველოში სარეალიზაციოდ შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2.620 გრამი ოქროსა და 6.189 გრამი ვერცხლის ნაკეთობები.
სარეალიზაციოდ შემოტანილი ნივთების საერთო საბაზრო ღირებულებამ 429.111 ლარი შეადგინა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო თბილისში, ვაგზლის მოედანზე მდებარე ე.წ. „ოქროს ბირჟის" ტერიტორიაზე.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.