საქართველოში ინფლაციის დონე იზრდება - ახალი სტატისტიკა

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ინფლაციური რისკების გაძლიერებამ შეანელა მსოფლიოში ინფლაციის შემცირების პროგნოზირებული ტემპები.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილის პერიოდში 12,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (22,4%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (12,5%) და ჯანდაცვაზე (2,8%). წლის განმავლობაში სურსათზე ფასების ზრდამ აპრილში 21,3% შეადგინა.
2022 წლის აპრილში, ამავე წლის მარტთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,8% შეადგინა. მარტში ერთი თვის ინფლაციის მაჩვენებელი 2,5% იყო.
ეროვნული ბანკის პროგნოზი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 3-4%-იან, ინფლაცია კი 9%-იან ნიშნულზეა მოსალოდნელი.

„ჩემი პროგნოზით, ეკონომიკის რეალური ზრდა 3 და 4%-ს შორის იქნება, თუმცა პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი ჯერჯერობით მაღალი რჩება. ფაქტორები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკაზე კვალს ტოვებს, ინფლაციური პროცესებია. სამწუხაროდ, კონფლიქტმა მას ახალი ბიძგი მისცა“, – განაცადა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ამის მაჩვენებელია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახალი მონაცემები.
მარტში სურსათზე მსოფლიო ფასები 12,6%-ით გაიზარდა და 1990 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა მცენარეულ ზეთსა და მარცვლეულზე.
„სურსათზე ფასების ინდექსმა ახალ რეკორდულ დონეს მიაღწია, გაიზარდა ფასები ნავთობზეც. ეს გამოწვევაა, რადგან საჭირო იქნება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. აქაც გაურკვევლობაა. ჩვენი პროგნოზით, წელს ინფლაცია დაახლოებით 9% იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ინფლაციური რისკების გაძლიერებამ შეანელა მსოფლიოში ინფლაციის შემცირების პროგნოზირებული ტემპები.