საქართველომ და სომხეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

დოკუმენტი ხელმოწერილია სომხეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას მოემსახურება, აღინიშნა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შორის შედგა.
დოკუმენტი ხელმოწერილია პაპიკიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ხელმოწერის ცერემონია შედგა თავდაცვის სამინისტროში, პაპიკიანის და მისი ქართველი კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრის შემდეგ. ამის შემდეგ სომხეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

„აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ, რომელიც სხვადასხვა აქტივობას მოიცავს. ხაზი გაესვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას მოემსახურება“, – აღნიშნულია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის აუცილებლობას.
განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა
„აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები მიმოიხილეს.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა ერთმანეთთან გააფორმეს საერთაშორისო მნიშვნელობის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.
წყარო - საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური