კობახიძე: სააკაშვილი სიმულანტობით საპატიმროდან თავის დაღწევას ცდილობს

ვერანაირი სიმულანტობა ან თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ავადმყოფობის სიმულირება სასჯელისგან თავის არიდებაში ვერ დაეხმარება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.

„ვერანაირი სიმულანტობა, თვითდაზიანება თუ რაიმე მსგავსი ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანისა და ვერც შინაპატიმრობის საფუძველი. ასე რომ არ იყოს, ყველა პატიმარი იმავეს გააკეთებდა. სიმულანტობა არის ყველაზე ადვილი და ამის გაკეთება შეუძლია 10 ათასიდან ნებისმიერ პატიმარს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტების ჯგუფსაც კი უჭირს სააკაშვილის დიაგნოზის დასახელება.
„რაც შეეხება ანორექსიას, ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება, ეს არ არის ფიზიოლოგიური პრობლემა, ეს არის ფსიქიკის თემა. ზოგადად ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ეს ჩვენ ვიცით ძალიან დიდი ხანია, თუმცა, ამ ფსიქიკური პრობლემებით იგივე ადამიანები ორჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად, რომელიც მან დაპატიმრების შემდეგ გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ნათესავები, ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
სააკაშვილის ოჯახი მისი გათავისუფლების და მკურნალობის მოთხოვნით გეგმავს საპროტესტო აქციებს, მათ შორის, მსხვილმასშტაბიან მანიფესტაციას.