თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისში წყალმომარაგება სერიოზული პრობლემაა, წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯივიპის" (GWP) არსებული ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს, უმძიმეს მდგომარეობაშია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კალაძის თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების ძირეული ცვლილებები „თბილისის შექმნის შემდეგ არ განხორციელებულა“.
„ძალიან ხშირია ავარიები. შეიძლება კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში ავარიები ყოველდღიურადაც ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, იმდენად მასშტაბურია ავარია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, იმ ტერიტორიებზე, სადაც მერია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მუნიციპალიტეტის ძალებით ხდება, რადგან წინა წლების განმავლობაში კომპანია „ჯივიპის“ მიწის ქვეშ არსებული წყლის მილების მოწესრიგებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
ამასთან კალაძემ აღნიშნა, რომ კომპანია „ჯივიპის" ვალდებულება აქვს, წყალმომარაგების კუთხით არსებული მდგომარეობა გამოასწოროს.