მსოფლიო დღეს

ილონ მასკი Twitter-ის ზოგ იუზერს გადასახადს დაუწესებს

Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სოციალური ქსელი Twitter-ი, რომლის შეძენაზეც ილონ მასკი მოლაპარაკებებს აწარმოებს, შესაძლოა ფასიანი გახდეს გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისთვის.
აღნიშნულის შესახებ თავად მასკმა განაცხადა და დააკონკრეტა, რომ საუბარია კომერციულ ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებზე.

„Twitter-ი ყოველთვის უფასო იქნება ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, მაგრამ შესაძლოა კომერციულ/სახელმწიფო იუზერებისთვის მცირე ფასი დაედოს“, — დაწერა მასკმა საკუთარ გვერდზე.

ამასთან იქვე მიაწერა, რომ „მასონები საბოლოოდ იმან დაღუპა, რომ უფასო ქვისმთლელობაზე თანხმდებოდნენ“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკი Twitter-ის ყიდვას გეგმავს 44 მილიარდ დოლარად. გარიგება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ბიზნესმენის თქმით, მის ხელში კომპანია კერძო იქნება, ხოლო სოციალურ ქსელს „მთელ მსოფლიოში სიტყვის თავისფლად გამოხატვის“ პლატფორმად გადააქცევს. თუმცა The Wall Street Journal-ი ირწმუნება, რომ მასკი Twitter-ს შესყიდვიდან რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ ძველ სახეს დაუბრუნებს.