თბილისი, 4 მაისი – Sputnik. გუდიაშვილის მოედანზე არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გასხვისდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
გუდიაშვილის განახლებული მოედანი გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა. პროექტის ფარგლებში გარემონტდა და აღდგა 30-მდე შენობა, მათ შორის 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. როგორც კალაძემ აღნიშნა, კერძო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა, ბიზნეს-საქმიანობისთვის გამოიყენოს ტერიტორია, რომელიც მერიის საკუთრებაა.
დედაქალაქის მერის თქმით, გუდიაშვილის მოედანი მიზიდულობის ცენტრად უნდა გადაიქცეს.
„გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული რეაბილიტირებული სივრცეები მზადაა აუქციონზე გასაყიდად. დარწმუნებული ვარ, არსებულ ობიექტებს ისეთი კომპანიები ან ფიზიკური პირები შეიძენენ, რომლებიც საინტერესო პროექტს შემოგვთავაზებენ. ჩვენ კი ზედამხედველობას გავუწევთ პროცესის მიმდინარეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა, დაამყაროს კომუნიკაცია ბიზნეს-სექტორთან, მოამზადოს პრეზენტაციები და რაც შეიძლება სწრაფად გაიტანოს მოედანზე მდებარე ფართები აუქციონზე.
ამჟამად უკვე შეფასებულია ობიექტების ნაწილი – გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული ოთხი ობიექტის ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარამდეა.
გუდიაშვილის მოედანზე არსებული საპრივატიზაციო ობიექტებია:
ბეგლარ ახოსპირელის I ჩიხი, N1/ ლადო გუდიაშვილის მოედანი N6, ოთხი ფართი, ჯამური ღირებულება 4.428.776 ლარი;
გუდიაშვილის მოედანი N2, ექვსი ფართი, ჯამური ღირებულება 3.265.865 ლარი;
ლერმონტოვის ქუჩა N2, სამი ფართი, ჯამური ღირებულება 4.008.383 ლარი;
აბესაძის ქუჩა N23, ექვსი ფართი, ჯამური ღირებულება 6.242.916 ლარი.
გუდიაშვილის მოედანზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები „თბილისის განვითარების ფონდმა“ 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში.
ამ დროისათვის მიმდინარეობს პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც 16 სახლის რესტავრაციას ითვალისწინებს.