მსოფლიო დღეს

ამერიკულ დაზვერვასთან დასაკავშირებლად: CIA-მ რუსულად შედგენილი ინსტრუქცია გაავრცელა

Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) სოციალური ქსელებში თავის ოფიციალურ გვერდებზე რუსულ ენაზე გაავრცელა ინსტრუქცია, რომელშიც განმარტებულია, თუ როგორ შეიძლება უწყებასთან ინტერნეტით დაკავშირება.
საამისოდ სააგენტოს თანამშრომლები მომხმარებლებს VPN-ის ან ბრაუზერ Tor-ის გამოყენებას ურჩევენ, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურებს პირის დადგენა გაუჭირდებათ.
გარდა ამისა, სპეციალისტები სააგენტოსთან კავშირის დამყარების მსურველებს ურჩევენ, ბრაუზერი ინკოგნიტო რეჟიმში გახსნან, შემდეგ კი ისტორია გაასუფთავონ.
CIA-სთან დაკავშირების მსურველებმა სააგენტოს უნდა მიაწოდონ თავიანთი სრული სახელი, ქვეყანა, საიდანაც ისინი მიმოწერას აწარმოებენ, ოფიციალური თანამდებობა და ინფორმაცია, რომელზეც წვდომა აქვთ.
როგორც გაზეთი The Washington Post წერს უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, CIA-ს, სადაზვერვო მონაცემებისა და „ოფიციალური რუსული საიდუმლოებების“ მიღების იმედით, რუსეთის იმ მოქალაქეებთან სურს კონტაქტის დამყარება, რომლებიც უკმაყოფილონი არიან უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციით“ და „CIA-სთან დაკავშირებას ომის დაწყების დღიდან ცდილობენ“.

„შეშფოთებული რუსები ცდილობენ CIA-სთან დაკავშირებას და გვსურს ჩვენთან დაკონტაქტების უსაფრთხო მეთოდი უზრუნველვყოთ“, — განუცხადა გამოცემას სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელმა.

მისი თქმით, CIA-ს ხშირად მიმართავენ უკმაყოფილო მოქალაქეები თუ სახელმწიფო მოხელეები ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ხოლო სააგენტო თითოეულ ასეთ პირსა და ინფორმაციას დეტალურად სწავლობს.