თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) მიერ ძებნილი მოჰამედ იასინი და ჰასან აბდულ რაჰმანი საქართველოდან ექსტრადირებულ იქნენ შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს.
დიპმისიის ცნობით, იასინი ლიბანში ბაზირებული ფულის გათეთრების ორგანიზაციის ლიდერია, რომლის მომსახურებითაც ნარკოტიკების გამსაღებელი კრიმინალური სუბიექტები მთელი მსოფლიოდან სარგებლობდნენ.
იასინი და რაჰმანი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა DEA-სთან თანამშრომლობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2021 წლის სექტემბერში დააკავა.
ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო და აშშ-ის საელჩო მადლობას უხდიან საქართველოს პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.