თბილისი, 3 მაისი — Sputnik. თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში საქართველო მეღვინეობის დარგში საკუთარ გამოცდილებას ყაზახეთს გაუზიარებს, საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტს შორის გაფორმდა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მემორანდუმი ითვალისწინებს ყაზახური მხარისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების მიმართულებით.
ყაზახეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ღვინის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება ღვინის სერტიფიცირების, მათ შორის, ევროკავშირის სერტიფიკატების გაცემის კუთხით.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ექსპერტების ვიზიტები, კონსულტაციები, სამუშაო და სასწავლო შეხვედრების ჩატარება.
ყაზახეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია. 2021 წელს საქართველოდან ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 მილონზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 2020 წელთან შედარებით 47%-ით მეტია.
როგორც მთავრობაში განაცხადეს, ხარისხის მუდმივი კონტროლი არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების კონკურენტული ღვინითა და ალკოჰოლური სასმელებით უზრუნველსაყოფად.
შესაძლო ფალსიფიკაციის გამოსავლენად 2020 წლის დასაწყისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. მას შემდეგ ღვინო და სპირტიანი სასმელები ნახშირბადის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობაზე მოწმდება, რაც აჩვენებს, წარმოადგენს თუ არა სასმელი ყურძნის წარმოშობის პროდუქტს.