თბილისი, 3 მაისი — Sputnik. აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე თანამდებობიდან გადადგა, ის ლიკა ჭუმბურიძემ შეცვალა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, მას შემდეგ, რაც ცვლილებები დაიწყო, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკებს სჭირდებათ ახალი მიმართულებები და სერვისების გადაწყობა.
„რამდენიმე დღე იყო დაკეტილი (კლინიკა) და არ იღებდა პაციენტებს, რადგან მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები, რათა მომხდარიყო მისი გადაწყობა ჰიბრიდულ რეჟიმზე. ამასთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიცვალოს ხელმძღვანელობა და გენერალურ დირექტორად დაინიშნა ლიკა ჭუმბურიძე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღუდუშაურმა.
მისი თქმით, ახალი დირექტორი უხელმძღვანელებს ახალი სერვისების დამატებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას. ღუდუშაურის თქმით, არსებული მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება კლინიკაში და უხელმძღვანელებენ იმ მიმართულებებს, რასაც აქამდე ხელმძღვანელობდნენ.
ღუდუშაურის ინფორმაციით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო განახლებულ რეჟიმში მუშაობას 4 მაისს დაიწყებს.
„წარმოდგენილი იქნება სტრატეგია, რა სერვისები იქნება დამატებული და რა პერიოდში“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო კლინიკად, რომლის განვითარებაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ესაა რეორგანიზაციის ნაწილი, ამ წუთას მოლაპარაკება მიდის, რომელ მიმართულებას ვინ უხელმძღვანელებს. არცერთი მათგანი არაა გათავისუფლებული, ინფექციის კონტროლის ნაწილში რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა, ამის გამო იყო შეზღუდული სერვისები რამდენიმე დღე“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ გრძელდება აუდიტის სამუშაოებიც. აუდიტის დასკვნაში შევა როგორც ფინანსური ნაწილის, ასევე კლინიკის ინფექციური კონტროლის შესახებ ინფორმაცია.
მანამდე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილმა დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა. მისი თქმით, მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და ამ პოსტზე ახალგაზრდა კადრების ნახვა სურს.
ცნობილია, რომ გოფოძეს აქვს დიაბეტი და გულის პრობლემები. ის მუშაობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქირურგად გააგრძელებს.
აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა შედის საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში, რომელიც აერთიანებს კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.
ჰოლდინგში ასევე შედიან: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ონკოლოგიური საავადმყოფო), „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო“.
სახელმწიფო კლინიკების მართვის სრულყოფის მიზნით 2020 წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ (Georgian Medical Holding) ინიცირება მოახდინა. მისი მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის.
ჰოლდინგის მუშაობის წყალობით პანდემიის დროს ყველა კლინიკაში საწოლფონდი 65%-ით გაიზარდა. ჰოლდინგი წარმატებით მართავდა 130-ზე მეტ საკარანტინო ზონას და კოვიდ-სასტუმროს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჰოლდინგი 2021 წლის მარტიდან იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობს. ამოქმედდა იმუნიზაციის მობილური ცენტრები, დაკომპლექტდა მობილური ბრიგადები. ამჟამად ჰოლდინგის ამცრელ პუნქტებში დაახლოებით ნახევარი მილიონი აცრაა ჩატარებული, რაც საერთო რაოდენობის 25%-ია.
Georgian Medical Holding-მა კიდევ ერთი ფუნქცია იტვირთა: ის მართავს ცენტრალურ ონლაინ-კლინიკას კორონავირუსის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების გამოსავლენად, პაციენტების სწორ მიმართვას სპეციალისტებთან, მკურნალობას სახლის პირობებში და COVID-19-ის შემთხვევების თვალის მიდევნების პროცესის მონიტორინგს.
2022 წელს ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა. ამასთან დაკავშირებით დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც ობიექტების აღდგენასა და რემონტს დააფინანსებს.