ავარია თელავში: მასწავლებელი გარდაიცვალა, მოსწავლე კი დაშავდა

11 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელზე მდგომ 60 წლამდე ქალს და 11 წლის მოზარდს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, შესაძლოა, მისი თბილისში გადაყვანა გახდეს საჭირო.
ტელეარხის ცნობით, გარდაცვლილი ქალი გვერდით სოფელში მიდიოდა, რომლის სკოლის პედაგოგიც იყო, დაშავებული ბავშვი კი აღნიშნული სკოლის მოსწავლეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.