თბილისი, 3 მაისი — Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტში ცხოველის ცოფით დაავადების სამი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
დაავადების კერები აბაშასა და სოფელ სუჯუნაში გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, ცოფი ორ ძაღლსა და ერთ ღორს დაუფიქსირდა.
ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა ცოფის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები დაუყონებლივ დაიწყეს.
„ცხოველების ქცევაში საეჭვო ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარს. მოერიდეთ უცხო ცხოველთან ახლო კონტაქტს. ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული საგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარ და მიკედლებულ ცხოველებს დროულად ჩაუტარონ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.